დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 126 356 ლარს. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.