დოლიძე: გაფიცვა არის ყოველთვის დიაგნოზი, რომ რაღაც არ მუშაობს სწორად მენეჯმენტში

გაფიცვა არის ყოველთვის დიაგნოზი, რომ რაღაც არ მუშაობს სწორად მენეჯმენტში, მფლობელის ადგილას დავაყენებდი მენეჯმენტის საკითხს, როცა ამდენი თანამშრომელი არის უკმაყოფილო, უნდა მიხვდეს მენეჯმენტი, რომ ჩავარდები აქვს მართვაში,- ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც “რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლებიც მხარდასაჭერად მივიდა. 

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა,  კანონის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ პროცესებში ჩასართავად მედიატორი უნდა გამოგზავნოს, რომელიც იქნება შუამავალი საწარმოს ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის. 

“ეს არის უდიდესი საწარმო, ჩვენ არ გვაქვს ბევრი საწარმო, არის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც აგრძელებს სახსრების შემოტანას და მოგების მოტანას. შესაბამისად, ადმინისტრაცია აქამდე რომ არ გამოხმაურებია თანამშრომლებს,  ეს არის უმთავრესი ნიშანი იმისა, რომ ვერ მართავენ სიტუაციას.  მესამე დღეა გაფიცვაა, მიიყვანეს იქამდე, რომ დაიკეტა საწარმო. ეს ხომ  ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია ადეკვატურ რეაგირებას ვერ ახდენს. დღემდე.  უკვე აქ უნდა იყოს ადმინისტრაცია გამოსული შესაბამისი შეთავაზებით. რაც მთავარია, კანონის მიხედვით, უკვე უნდა იმოქმედოს ჯანდაცვის სამინისტრომ, უნდა გამოგზავნოს მედიატორი, რომელიც იქნება შუამავალი ამ პროცესში.  არ სჭირდება არც წერილობითი მიმართვა, არც დაძახება და არც ტელეეთერი. ეს მიმართვა ჩვენ გავაკეთეთ, მოვიდნენ და იშუამდგომლონ. გაფიცვა არის ცივილიზებული ფორმა და ეტყობა ვერ გაცივილიზდა ჩვენი მენეჯმენტი, რომ ეს გაიგოს. “-განაცხადა ანა დოლიძემ.