ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ საკითხს, რომ ვაქცინაციის პროცესში ასაკის მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთონ.

„ახალ შტამებთან დაკავშირებით გვაქვს მონაცემები, რომ ახალგაზრდებში, შესაძლოა, უფრო მეტად გავრცელდეს და სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით განსაკუთრებული რისკები არ იკვეთება. რაც შეეხება ვაქცინაცის პროცესს, რეგისტრირებულია დაახლოებით 20 ათასამდე მოქალაქე და 12 ათას გადააჭარბა აცრილების რაოდენობამ. მეტი აქტივობაა თბილისში, ნაკლები რეგიონებში. ხვალ არის დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭო, რომელიც კიდევ ერთხელ გადახედავს იმ ეტაპობრიობას და სტრატეგიებს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ვიყენებთ და შესაძლოა, დამატებით განისაზღვროს ჯგუფები, ვისზეც მეტი აქცენტი გაკეთდება ასაკის მიუხედავად.

მაგალითად, დიალიზზე მყოფი პირები და ორგანოგადანერგილი პაციენტები უკვე ჩართულები არიან პროგრამაში. არიან კიდევ ქრონიკული დაავადების პირები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ასაკის მიუხედავად ვაქცინაცია და ამ ჯგუფებზეც საბჭო იმსჯელებს და განისაზღვრება, როდის ჩაერთვებიან ისინი“,- განაცხადა გაბუნიამ.