ფართის სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით გაქირავების აკრძალვა იგეგმება

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, სოციალური ღონისძიების მოწყობის მიზნით ფართის გაქირავების აკრძალვა იგეგმება. მისივე თქმით, ხელშეკრულებაში გამქირავებელმა უნდა ჩაწეროს პირობა, რომ ნაქირავები ფართი სოციალური ღონისძიების მოწყობის მიზნით არ გამოიყენება, ხოლო თუ ვინმე მაინც გადაიხდის წვეულებას ან სხვა ღონისძიებას, როგორც ფერაძე ამბობს, გამქირავებელმა შრომის ინსპექციას უნდა აცნობოს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა პირობა არ შეასრულა. ფერაძე ამბობს, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იგეგმება.