ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, “კომენდანტის საათი” მოიხსნას

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, “კომენდანტის საათი” და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ვაქცინის ორი დოზის მიღების შემთხვევაში, ადამიანებს შეღავათები ჰქონდეთ.

“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

“ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან” – განაცხადა გამყრელიძემ.