თალაკვაძე დეპუტატების პარტიიდან წასვლაზე – პოლიტიკაში ასე ხდება

პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება.

„გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმეგბლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ხედას და ყველანაირად ცდილობენ, უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე, ისინი უარს ამბობენ, რომ იყვნენ ოპოზიცია ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით, ჩვენ ყველაფერზე გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცსები,“- განაცხადა თალაკვაძემ.