თალაკვაძე: დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს

გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.