წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის დელეგაციისგან გადაიბარა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას.
„წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა.
„რეალურად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში ჩატარებულა, ალბათ, ფრანკფურტის ფესტივალის მასშტაბის. საქართველო ძალიან მკაფიოდ და განსაკუთრებით, თბილისი მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე მოინიშნება და დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, ეს აქტიურობა განმსაზღვრელი იქნება. რეალურად, მსოფლიოს დედაქალაქად ყოფნა არ არის ნომინალური სტატუსი, ეს გულისხმობს უამრავი ლიტერატურული აგენტის ჩამოსვლას, გამომცემლობების წარმომადგენლების ჩამოსვლას, მათ შორის მწერლების კონტაქტს, პანდემიის გათვალისწინებით ონლაინ კონტაქტი იგულისხმება, მაგრამ ფოკუსირება იქნება თბილისზე, ქართველ ავტორებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.