რუსეთმა ყირიმიდან დამატებითი სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო.

რუსეთის თქმით, მათ სამხედრო მზადყოფნის შემოწმების წვრთნები დაასრულეს. რუსული ძალების უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით განლაგებამ მარტის ბოლოდან რეგიონში დიდი დაძაბულობა შექმნა.

“თუკი რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან მართლა გაიყვანს უამრავ სამხედროს, რომლებიც იქ განალაგა, ეს უკვე შეამსუბუქებს დაძაბულობას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნაბიჯი არც ახლანდელ ესკალაციას დაასრულებს და არც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

აშშ-ს თქმით, ისინი რუსეთის ჯარის გაყვანის პროცესს ახლოდან აკვირდებიან.