“თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას ვერ მიიღებს, მას არ გამოვიყენებთ”

ჩინეთის დაავადებთა კონტროლის ცენტრი უარყოფს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უწყება ირწმუნება, რომ მათ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. რეალურად საუბარი იყო იმაზე, რომ მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოუსადეგარია.

ჩინური ვაქცინა საქართველოშია, სამინისტრო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასტურს ელოდება, რომ მისი გამოყენება დაიწყოს- ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს.

“ეს არ არის ჩვენთვის სასურველი განცხადება, ბუნებრივია, იმიტომ, რომ მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობა მოდის რამდენიმე ქვეყნიდან, მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აქვს ჩინური, ინდური და რუსული ვაქცინები დარჩენილი, ამიტომ ეს ვითარება არის რთული.

მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ვაქცინას საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ავტორიზაცია. თუ არ იქნება მონაცემები დამაიმედებელი, ჯანმოს აკრედიტაციას თუ ვერ მიიღებს, ჩვენი ქვეყანა ამ ვაქცინას არ გამოიყენებს,”-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.