“რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკება ხელფასების გაზრდის საკითხზე კონკრეტული შედეგის გარეშე დამთავრდა. გაფიცული თანამშრომლები პროტესტს ხვალ დილიდან გააგრძელებენ.
ქარხნის ადმინისტრაციას, პარლამენტის დეპუტატებსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ტოვებენ მოლაპარაკების პროცესს და გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად დაელოდებიან “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.
“საკმაოდ დაძაბული საუბარი გვქონდა დღეს, მე ვფიქრობ, რომ სათქმელი რაც იყო დღეს ჩემი მხრიდან, როგორც ამ ადამიანების წარმომადგენლის მხრიდან, ვთქვით, ყველა საკითხზე ვისაუბრეთ, ჯერი არის “აზოტის” ხელმძღვანელობაზე. მათ კონკრეტულად უნდა შესთავაზონ მათ თანამშრომლებს რას აპირებენ, რა გეგმა აქვთ და მე მათთან ერთად დაველოდები უკვე ამ შეთავაზებებს”- განაცხადა ლაცაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატები საწარმოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მედიატორების როლში, საწარმოს თანამშრომლების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს. პროცესი გრძელდება და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი უკვე მეოთხე დღეა საშუალო ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვს.