მარნეულის მუნიციპალიტეტში ამერიკული კუთხე გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ამერიკული კუთხე გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, კელი დეგნანსა და ამერიკელ ხალხს რეგიონის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

,,ჩვენთვის ამერიკა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორია, მათ შორის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში როგორიცაა დემოკრატია, განათლება, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა, ჯანდაცვა, კონფლიქტთა არიდება და ჰუმანიტარული დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ“ – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შესრულდა საქართველოს და ამერიკის ეროვნული ჰიმნი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები და ამერიკული კულტურის ამსახველი ინსტალაცია- პერფორმანსები. დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, სიმბოლურად დაირგო ნერგები.

ინფორმაციისთვის, ამერიკული კუთხე იქნება სივრცე, რომელიც ახალგაზრდების საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის გზით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეუწყობს ხელს.