მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, მწერალ ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, დღეს, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. მისივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციები ერთდღიანი არ იქნება, არამედ მათი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.

„18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება“, – განაცხადა პაიკიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამეც გაათიონ და პროტესტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს.