“ნამახვან ჰესის” მოწინააღმდეგეები ნამოხვანში შესვლას ითხოვენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილის ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს. ისინი დილით გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი, აცხადებს, რომ ისინი სოფელ ნამოხვანში შესვლას დღესაც ეცდებიან .

“ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ პოლიციას, გაათავისუფლონ გზა და მოგვცენ ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება. როგორც გუშინ დავაანონსეთ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებთ მოსახლეობას, სადაც არიან ქალაქებში გამოვიდნენ. გადავკეტავთ გზებს, მაგისტრალებს და ა.შ”, -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანი პრობლემის გადაჭრის პროცესში პრემიერ-მინისტრის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის ჩართვას ითხოვს.

“ახლა იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე შეიქმნას აუცილებელია აიღონ ეს რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში კარვებში, გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში. ეს იყოს საჯარო და საზოგადოებამ ადევნოს თვალი. ჩვენ მოვიაზრებთ პრემიერს ან თუკი დანიშნავს პრემიერი სპეციალურ წარმომადგენელს ამ მიმართულებით, რომელიც გაეცნობა სიღრმისეულად და ისე არა, როგორც ბატონი მერაბი და მას ექნება იმის მანდატი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებაც”, — განაცხადა გოლეთიანმა.