თბილისში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება. მინისტრები საქართველოში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ჩამოვლენ და მათი ვიზიტების მიზანი არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციონერთა ნაწილი ავრცელებს.
უცნობია, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ერთად ესტუმრებიან თუ ცალ-ცალკე. ამასთან, ოფიციალურად არც ის ქვეყნები კონკრეტდება, რომელთა მინისტრებიც ჩამოვლენ.
საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ 9 აპრილს განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.
“ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები არ აპირებენ, რომ მარტივად დახურონ ეს თემა, მათ შორის იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები მიმდინარე თვეს”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო სამქეთა მინისტრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გუშინ, 11 აპრილს, განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.
“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.