ორი ბრალდებული 58 დაზარალებულის 73 628 ლარს უკანონოდ დაეუფლა

პროკურატურის განცადებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს, ორ პირს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს.

“უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს იმანი ჯორჯიას ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ბიტკოინი, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივლისს დააკავეს და მათ პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.