პასუხისმგებლობა დაქირავებულ ფართში სოციალური ღონისძიების ორგანიზატორს დაეკისრება

მთავრობის ­დადგენილებით, პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც დაქირავებულ ფართში სოციალურ ღონისძიებას ჩაატარებს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა  გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, დადგენილების დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირს – 10 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთანავე, მისი თქმით, ფართის მფლობელი ვალდებულია გააფრთხილოს დამქირავებელი მის ფართში სოციალური ღონისძიებების აკრძალვის შესახებ.

„მფლობელის პასუხისმგებლობა არის გაწერილი იმ დონეზე, რომ ის ვალდებულია, გააგებინოს დამქირავებელს, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. არსებული დადგენილებით პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც ღონისძიებას ჩაატარებს, რომელიც არ არის მოქცეული რეგულირების ფარგლებში. მას დაეკისრება აქამდე არსებული ყველა სანქცია, ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათასი ლარი. მფლობელმა დამქირავებელს უნდა აცნობოს წინასწარ, რომ აკრძალულია მსგავსი ღონისძიების ჩატარება და მის ფართში ეს ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დაჯარიმდეს. როდესაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი ის პუნქტები, რომელიც არის დადგენილი მთავრობის მიერ,“- განაცხადა ღიბრაძემ.