ხუნდაძე: ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს

ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვის, ხელში არამხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  საზოგადოების 60% საპარლამენტო ბოიკოტს ეწინააღმდეგება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს ვეთანხმები იმაში, რომ მთავარი საკუთარი პარტიული ინტერესები არ უნდა იყოს. წინა პლანზე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი ყურადსაღებია რეგიონული პოლიტიკური პროცესები. ასევე პანდემიის ფონზე რისკის ქვეშაა არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. არის მხარეების ვალდებულება, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. „ქართული ოცნება” ამისთვის მზად არის და მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმებით არ მიდის. შედეგზე რომ გავიდეთ მხოლოდ „ქართული ოცნების” განწყობა არ არის საკმარისი. როცა მხარეთა შორის არის უთანხმოება, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს სურვილი იმისა, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.