პესკოვი: რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საშიშია

“რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საშიშია” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მხრიდან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

“საქართველოში წასვლა უბრალოდ, საშიშია. რუსებმა ეს ნათლად უნდა გაიაზრონ,”- აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აქცია ნაციონალისტების მხრიდან ექსტრემისტულ გამოვლინებად შეაფასა და განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიიჩნევს ამ აქციას ინციდენტად, რომელიც კონკრეტულად ერთი ჟურნალისტისადმი იყო მიმართული.

“მე საერთოდაც თავს შევიკავებდი დიფერენციაციისაგან. საუბარი აქ არის რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ ხომ ერთი პოზნერი არ იყო,” – განაცხადა კრემლის წარმომადგენლმა.

ამასთან, პესკოვმა ფაქტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ კრემლში მადლიერები არიან ქართული პოლიციის, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.