პრეზიდენტი: მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტი მზადა, გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის სალომე ზურაბიშვილი გარკვეულ პირობებს აყენებს.

სპეციალური განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარისა, არცერთი ნიშნით, ზნეობრივი მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარი შეხედულებისა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა.

ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ, მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით – ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთის მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.