პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხრა მოქალაქის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვალში კომპანია – შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა.

2019 წელს შპს „ამერიკან ტრანსსა“ და მის წარმომადგენელს ა.გ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ და ვინაიდან, ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ.-მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, ცხრა მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ა.გ. 2021 წლის 28 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.