პროკურორი: ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს ქალაქ ახალციხეში, ახალციხის კლინიკა „იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგადაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. თავდაპირველი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაეწია ადგილზე, რის შემდეგადაც იგი გადმოიყვანეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც 19 მარტს გარდაიცავალა. აღნიშნულ საქმეში გამოიკითხნენ ექიმები: ბ.ლ., ვ.ი. და ექთანი თ.გ.

მიუხედავად გაფრთხილებისა, თითოეულმა მათგანმა პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო გარემოება, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს ექიმი ვ.ი. პაციენტთან არ იმყოფებოდა, მათ გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, როგორც ვ.ი.-მ აღნიშნა, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მ.ბ.-ის მდგომარეობის გაუარესებისას მან პაციენტს გაუწია სათანადო სამედიცინო მომსახურება. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ბ.-ს მდგომარეობის გართულების შემდგომ, ექიმ ვ.ი.-ს მისთვის რაიმე პრეპარატი ან მედიკამენტი არ მიუწოდებია, მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში.

თითოეულ მათგანს ბრალი წარედგინა სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები. ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება თუ გამოიკვეთება, იქნება მსჯელობა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა.