პროკურორი: ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.