ღარიბაშვილი: უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ

უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ორიენტირებული ვიყოთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაწყებული და ორიენტირებული სწორედ მათ განხორციელებაზე იქნება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლას არ ცდილობს, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არც გამბედაობა და არც გონიერება არ ეყოთ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია. უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ორიენტირებული ვიყოთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.