შალვა პაპუაშვილის განცხადებით ამნისტიის კანონი სამშაბათს ინიცირდება

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონის ინიცირება სამშაბათს მოხდება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მოხდება შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ასევე კონკრეტულად ნიკა მელიას გირაოს საკითხზე.

“ევროკავშირი გადაიხდის გირაოს, ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. მას თუ ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაო გადაიხდება ევროკავშირის მიერ და ეს გზა არსებობს, მას შეუძლია გამოვიდეს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას ვიდრე საქართველო, ვიდრე სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა.” – განაცხადა პაპუაშვილმა.