პროკურატურამ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა”, – წერს უწყება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.