9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან, დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.