გამყრელიძე: საქართველო ჩინურ ვაქცინას 3 აპრილს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს.

მისივე თქმით, საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვა.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დაგიანონსებთ, რომ შაბათს, ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს წარმოებაში აქვს ხუთი ვაქცინა, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი წევრის მარეგულირებელი. ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქრთველოში. როგორც გითხარით, დიახ, შემოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ