თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.
ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
„ნიკა მელიას საქმეზე არსებითი სხდომა სასამართლოში 8 აპრილს ჩაინიშნა. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, დიდი ალბათობით, რომ სასამართლო ამ პროცესზე მოახდენს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვას. სასამართლოს ვალდებულება აქვს კანონიერი, რომ ორ თვეში ერთხელ უნდა იმსჯელოს, რამდენად არის საფუძველი, რომ გაგრძელდეს ეს უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა. არავის ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოში წყდება მსგავსი საკითხი, თუმცა 8 აპრილს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც გაჟღერდება პროცესზე – ტოვებენ თუ არა ნიკა მელიას პატიმრობაში, თუ მას გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან.
ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, ფაქტია, კანონის თვალსაზრისით არავითარი საფუძველი, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩეს, არ არსებობს. ვინაიდან თვითონ პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე, ეს პატიმრობა არ არის უალტერნატივო. მოსამართლეს უფლება არ აქვს, პირი პატიმრობაში დატოვოს, თუკი პატიმრობა არ არის უალტერნატივო და სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ნიკა მელიას საერთოდ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს. იგი არის უკანონო და პოლიტიკურ პატიმრობაში და უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის პოზიციას მოვისმენთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება და სასამართლო 8 აპრილს ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას დაასრულებს“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.