ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 140-მდე შემთხვევაა საეჭვო -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
“დღეისათვის კვლევაში რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და 3 შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა. კვლევები გრძელდება”, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
მისივე განმარტებით, რეინფიცირების შემთხვევები მთელს მსოფლიოში მატულობს.
“ასევე, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება”-განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესში 27 ადამიანს სერიოზული გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა. მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა.