ვაშაძე: ქვეყანაში შიმშილია და მთელი ხელისუფლება შვებულებაშია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში გამოცხადებული “უქმე დღეების” გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა,  ქვეყანაში შიმშილია, ხელისუფლება კი შვებულებაშია გასული.

“შემდეგი 10 დღის მანძილზე, ამ ადამიანებს, რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით – ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია თავისი მოპარული ფულით და ხალხი და სახელმწიფო, ისევ და ისევ, არის ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებული… “მაისკიე პრაზდნიკი” მოიწყვეს თავიდან ბოლომდე.

ნუთუ ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას ახლა უნდა ეცალოს, რომ 10 დღე, 2 კვირა გამოაცხადოს მთელი ქვეყნისა და თავისი თავისთვის შვებულებად?! იქნებ მოიკითხოთ, სად არის ეს ხალხი?.. ამაზე უნდა ვაგებინოთ პასუხი და ამის გამოა, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კორონავრიუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ 3-დან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა.