“რუსთავის აზოტში” დასაქმებულების პროტესტის მე-5 დღე უშედეგოდ დასრულდა

“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების პროტესტის მე-5 დღე უშედეგოდ დასრულდა. საწარმოში დასაქმებულები საპროტესტო აქციებს ხვალიდან გააგრძელებენ. პროტესტის პარალელურად, ხვალიდან გაფიცულები ერთმანეთში იმსჯელებენ, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა: პროტესტს გააგრძელებენ თუ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

აქციის მონაწილეების უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წინადადება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, თუმა ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს ტერიტორიაზე მცირე რაოდენობის გაფიცული დარჩა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა ადამიანის პოზიცია მოესმინათ და ხვალ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებით, გაფიცულ თანამშრომლებს მუშაობა დღესვე უნდა განეახლებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დაიხურებოდა.

შეგახსენებთ, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული შეთავაზებით, ყველა დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებოდა, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონე პირებს 125 ლარით.