აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დიდ ჯგუფზე დაკვირვების შედეგად კვლევა გამოაქვეყნა.
ეს ადამიანები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინით (Pfizer / BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინები) აიცრნენ.
კვლევის მთავარი თავისებურება ის იყო, რომ მის მონაწილეებს სისტემატურად აკვირდებოდნენ, იყვნენ თუ არა ვირუსის მატარებლები. ანუ დაფიქსირდა თუ არა ინფექცია მათ სხეულში მაშინაც კი, თუ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
ასეთი კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა აცრილი ადამიანი ინფექციის ასიმპტომური გამავრცელებელი იყოს.
ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს ეპიდემიის მომავალსა და ისეთ პრაქტიკულ თემებზე, როგორიცაა მაგალითად, აცრის შემდეგ ნიღბების ტარების საჭიროება.
რატომ არ გამოიკვლიეს კორონავირუსის ასიმპტომურ მიმდინარეობაზე ვაქცინების გავლენა უფრო ადრე, როდესაც მათ ეფექტიანობას იკვლევდნენ?
კორონავირუსის ამჟამინდელი ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული ყველა კლინიკური კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად ამცირებდა ის ავადობის რისკს. თუმცა მათ უმეტესობაში გავრცელებაზე ყურადღება არც იყო გამახვილებული. ეს კი იმის გამო, რომ ეს კვლევის გართულებასა და შეფერხებას გამოიწვევდა, რაც პანდემიის დროს დაუშვებელია.
როგორია შედეგი? შეიძლება თუ არა აცრილი ადამიანები ვირუსის მატარებლები იყვნენ?
ახალი მონაცემები ძლიერი არგუმენტია იმისთვის, რომ ვაქცინები ძალიან კარგად ახშობენ არა მხოლოდ დაავადებას, არამედ ვირუსის გავრცელებასაც იმ აცრილი ადამიანებისგან, რომლებსაც სიმპტომები ჯერ არ გამოვლენიათ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც მრავალი ეპიდემიოლოგი იმედოვნებდა. თუმცა ეს გარანტირებული სულაც არ იყო, რადგან სხვა დაავადებების საწინააღმდეგო მრავალი ვაქცინა ასეთი იმუნიტეტის გამომუშავების საშუალებას არ იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ CDC-ს ახალი პუბლიკაცია არა პირველი, არამედ ამ საკითხის მორიგი კვლევაა. უფრო საგულისხმო კი ის არის, რომ ყველა ამ კვლევის შედეგი ერთმანეთს შეესაბამება.
და მაინც, ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევა საბოლოო პასუხს ჯერ მაინც არ იძლევა. სპეციალისტებს არ შეუძლიათ, რეკომენდაცია გაუწიონ შეზღუდვების უგულებელყოფას და კონკრეტულად, აცრის შემდეგ უპირბადოდ სიარულს ორი მიზეზის გამო.
კონკრეტულად რა გაიგეს ამერიკელმა მეცნიერებმა?
CDC-ის კვლევის დროს მეცნიერებმა გააანალიზეს თითქმის ყველა ოთხი ათასი სამედიცინო პროფესიონალის ჩანაწერი, რომლებიც SARS-CoV-2-ის მატარებლობაზე ტესტებს რეგულარულად იკეთებდნენ. მკვლევრებმა თითოეული მონაწილის აცრის, ტესტირებებისა და მათი შედეგების დრო შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ ტესტის დადებითი პასუხის ალბათობა 10-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე აუცრელი პირების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს (ნდობის ინტერვალი – 68-97%) შეადგენდა. ვაქცინის პირველიდან მეორე დოზამდე ინტერვალში კი იმუნიტეტი ნაწილობრივი იყო: დადებითი ტესტის ალბათობა, აუცრელებთან შედარებით, ხუთჯერ ნაკლებს – 80%-ს (ნდობის ინტერვალი – 59-90%) შეადგენდა.
ეს შედეგები შეესაბამება ისრაელში შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც მეცნიერებმა ასიმპტომური ინფიცირების წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა, მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, 90%-ით (ნდობის ინტერვალი – 83-94%) შეაფასეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკულისგან განსხვავებით, ისრაელში წარმოებული კვლევის ძირითადი მიზანი ასიმპტომური ინფექციები არ იყო. თუმცა ის შეფასდა არაპირდაპირი გზით – ქვეყანაში მასობრივი PCR ტესტირების მიხედვით. ვინაიდან ტესტირების ეს ფორმა რეგულარული და სავალდებულო არ იყო, ეფექტიანობის შეფასებაც შეიძლება სისტემურად შერეული აღმოჩნდეს (PCR ტესტს ხომ იკეთებენ ძირითადად ის ადამიანები, რომელთაც ინფიცირებულთან კონტაქტის ეჭვი აქვთ). თუმცა ეს შედეგები თითქმის იდეალურად შეესატყვისებოდა იმას, რაც CDC-ს ექსპერტებმა დაასკვნეს.
კიდევ ერთი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვაქცინები ასიმპტომური დაავადების წინააღმდეგ უკიდურესად ეფექტიანია, ისრაელში დადასტურდა. ნაშრომში, რომელიც Nature-ზე ახლახან გამოქვეყნდა, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ აცრილი ადამიანების კოვიდდადებითის შემთხვევაშიც კი, ვირუსული მასალის რაოდენობა მკვეთრად და სწრაფად იკლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ორგანიზმში ვირუსი გაცილებით ნაკლებია.
ეს ეხებათ მხოლოდ რნმ ვაქცინებს? ადენოვირუსული ვაქცინების შემთხვევაში რა ხდება?
Johnson & Johnson-ის ადენოვირუსული ვაქცინის კლინიკური კვლევის შედეგად, მეცნიერების ცალკეულმა ჯგუფმა უსიმპტომო ინფექციის წინააღმდეგ მისი ეფექტიანობა, აცრიდან 29 დღის შემდეგ, 74%-ით (ნდობის ინტერვალი – 46–88%) შეაფასა.
თუმცა მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ეს არის წინასწარი შედეგი, რაც ძალიან მოკლე დროით დაკვირვებით გაკეთდა და მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს მაჩვენებელი რიცხობრივად იმავე ვაქცინის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანობის იდენტურია. რნმ ვაქცინების შემთხვევაში ეფექტიანობის ინდიკატორი ორივე მიმართულებით უფრო მაღალია, მაგრამ ისინი ასევე ემთხვევა ერთმანეთს. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ საქმე ვაქცინის ტიპში სულაც არ არის და ანალოგიური იმუნიტეტი ადენოვირუსული აცრების შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ადენოვირუსული ვაქცინაა AstraZeneca-ც და მისი ეფექტიანობაც დაახლოებით Johnson & Johnson-ის მსგავსია.
აცრის შემდეგაც რატომ ვერ მოვიხსნი პირბადეს? კორონავირუსის ახალი შტამების გამო?
თითოეული ასეთი სიახლე დამაიმედებელია, თუმცა მას ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია ოფიციალურ რეკომენდაციებზე, რომლებიც არსებული მონაცემების სინთეზური ანალიზის საფუძველზეა შექმნილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთელ მსოფლიოში ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტები, რომლებიც ნამდვილად უფრო გადამდებია და მათ მიმართ იმუნიტეტი პოტენციურად საკმარისად მდგრადი ვერ არის. ასეთ შემთხვევაში, ასიმპტომური გავრცელების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ რამდენად – ჯერ ამის თქმა რთულია. ჯერჯერობით სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ვაქცინის შესახებ სხვადასხვა ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია.
მაგალითად, იმავე ისრაელში, სადაც კორონავირუსის B.1.1.7 შტამი (ბრიტანული) დომინირებს, მკვლევრებმა ვერ დააფიქსირეს Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობის შემცირება. არა და, ეს უკანასკნელი კონკრეტულად “კლასიკური” SARS-CoV-2– სთვის შეიქმნა. თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში ეფექტიანობის კლება, მართალია მცირე, მაგრამ მაინც დაფიქსირდა: 81,5% -დან 70,4% . ამრიგად, კითხვა, შეამცირებს თუ არა უკვე არსებული ვაქცინები ვირუსის ახალი შტამებით ინფიცირების ალბათობას, სამწუხაროდ, ღია რჩება. სწორედ ამიტომ, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელ და საჭირო წესად რჩება.
სტატია: imedinews