როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში „ფაიზერის“ ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების შესახებ, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიამ უპასუხა კითხვას: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ფაიზერთან“ დაკავშირებით უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ მოზარდებშიც შესაძლებელია, ჩატარდეს ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ „ფაიზერის“ დამატებით დოზებს, შესაძლოა თუ არა, რომ საბჭომ იმსჯელოს ამ ვერსიაზეც“.
„რა თქმა უნდა, როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში „ფაიზერის“ ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების თაობაზე, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება შესაბამისად და ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება ექსპერტების საბჭოს წინაშე. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ როგორც მწარმოებლის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება. ამ შემთხვევაში „ფაიზერი“ მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.