დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იყო. კონფლიქტი ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არიან დაშავებულებიც. ადგილზე ვითარება პოლიციამ განმუხტა. TV4-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.
TV4 დმანისის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. როგორც გიორგი ტატუაშვილი ამბობს, დმანისში სიმშვიდეა და კონფლიქტი დროულად განიმუხტა.
ტატუაშვილის განცხადებით, კონფლიქტი დაახლოებით ხუთი-ექვსი საათისთვის მოხდა.
“ამ დროისთვის დმანისში სიმშვიდეა. ვისაც ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდა, ვინ არიან არ ვიცით. განიმუხტა ეს სიტუაცია, ხუთი-ექვსი საათისთვის მოხდა კონფლიქტი და მალევე დასრულდა.
კონფლიქტი დმანისში, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება. ცუდია, რომ ეს მასშტაბებს იძენს, ბევრი ადამიანია ჩართული, ამის პრევენცია შეუძლებელია. ვიღაც სპეკულირებს ეთნიკური თემებით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა და არც იქნება დმანისში.” – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა









