გაბუნია: კარგია ის, რომ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გრძელდება.

„70 ათასს ვუახლოვდებით ვაქცინირებულთა რაოდენობით. კარგია ის, რომ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, გუშინ იყო 4700. ჩვენი სამიზნე არის 6000 მომდევნო 10 დღის განმავლობაში, რომ დაემატოს კლინიკების რაოდენობა, სადაც ჩატარდება აცრები” , – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მისივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხთან დაკავშირებით  ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან იმსჯელებენ.

როგორც გაბუნია ამბობს, ვაქცინაციის პროცესის წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მთელი რიგი ეთიკური ასპექტების გათვალისწინება.

„წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამერიკაში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან. წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მოკლედ, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“, – განაცხადა თამარ გაბუნია.