საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის  ეფექტური საშუალება იქნება.

„მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით. წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით, სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.