რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ბოლნისში

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილე ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  მონიტორინგის ფარგლებში, ასევე სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს. სოფელში ასფალტის გზის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398 086 ლარს შეადგენს.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353 ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 247 647 ლარია.