სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის შეზღუდვა იხსნება

საბჭომ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში – მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა, “კომენდანტის საათი” დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას განმარტებით, იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21:00 საათიდან აკრძალული იყო.

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარებისა და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.