პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი 13 მაისს დაიწყო და 5 ივნისს ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა რეგისტრაციის დასრულებამდე უკვე გამოიკვეთა სკოლები, რომლებშიც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო.
TV4 რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ვაკანტური ადგილები შევსებულია ქალაქის მასშტაბით, თორმეტ საჯარო სკოლაში, დარჩენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის რეგისტრაცია მშობელს 5 ივნისამდე შეუძლია.
კერძოდ, რუსთავის N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის, საერთო ჯამში 125 ადგილი იყო თავისუფალი. მამუკა ხამხაძის განცხადებით, რეგისტრაციის საბოლოო ეტაპისთვის დარჩენილ 30 თავისუფალი ადგილი რამდენიმე წუთში შეივსო. N24 საჯარო სკოლას 100 თავისუფალი ადგილი ჰქონდა , ხოლო მესამე ეტაპისთვის მიღება 16 მოსწავლეზე გამოაცხადეს, ამ დროისთვის ყველა ვაკანტური ადგილი შევსებულია.
N2 საჯარო სკოლაში 75 ვაკანტური ადგილი იყო. მესამე ეტაპზე სკოლას 33 პირველკლასელის მიღება შეეძლო. ლალი ნაზღაიძის ცნობით, სკოლაში თავისუფალი ადგილები პორტალის გახსნიდან რამდენიმე წუთში აღარ იყო. რამდენიმე წუთში შეივსო ადგილები მე-11 საჯარო სკოლაშიც, მესამე ეტაპზე სკოლას 38 ბავშვის მიღება შეეძლო.
რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, პორტალის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში ან პირველივე დღეს შეივსო ვაკანტური ადგილები ასევე, N5,7,10,15,16, 21, 26და N28 საჯარო სკოლებში.
ქალაქის მასშტაბით სხვა სკოლებში ამ დროისთვის ვაკანტური ადგილები არის.