“ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი” – მეზვრიშვილი

ჩემთვის პირდად საამაყოა ის ფაქტი, რომ დღეს აქ, ამ გუნდთან ერთად ვიდექი და პირველ რიგში, გიორგი გახარიასთან ერთად ვიდექი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარტიის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მან პირველ რიგში, გიორგი გახარიასთან ღირებულებათა თანხვედრის გამო მიიღო.

„ჩვენ გვაერთიანებს პირველ რიგში, ღირებულებები, ხედვები სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ერთიანობამ მოგვიყვანა დღეს აქ. დღეს დავაფუძნეთ „საქართველოსთვის“. ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ცალსახად მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ და ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილი დავუთმოთ მოქალაქეებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რადიკალური პროცესები, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს და მასში სამწუხაროდ წვლილი როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას შეაქვს, ჩვენ ამისგან განსხვავებით, მოქალაქეთა ძირითად საჭიროებებზე გავაკეთოთ აქცენტი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას დამოკიდებულებას კორუფციაზე, როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის გახარიას გუნდშია, არის სწორედ ყოფილი პრემიერის დამოკიდებულება ნეპოტიზმსა და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით.

„თუ გადახედავთ მისი გუნდის წევრებს, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს ეს ადამიანი ადამიანების გუნდში მიღების გადაწყვეტილებას, ასე ვარ მეც – გასაუბრებით მოხვედრილი. ჩვენთვის მიუღებელია კორუფცია, ნეპოტიზმი და მთავარი მიმართულება ჩვენი გუნდის სწორედ ეს იქნება, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ზოგადად, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ამას ქვეყანა მიჰყავს უკან. ამ რადიკალიზმით ვტკეპნით ერთ ადგილს. ჩვენი მიზანია ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელთანაც რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება თანხვედრა, რომლებთანაც კონკრეტულ საკითხებზე გვექნება ღირებულებითი თანხვედრა, გვექნება ამ საკითხებზე საუბარი. რადიკალიზმში ვგულისმხობთ იმ პროცესებს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა, რამაც ქვეყანა უკან დახია. რაც შეეხება დაფინანსებას, ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი შემოწირულობებისა და დაფინანსების საკითხი დაიწყება, ეს იქნება გამჭვირვალე და ღია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა

ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ოფიციალურად წარადგინა. მან საზოგადოებას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც გააცნო და ასევე, პარტიის რიგითი წევრებიც წარადგინა.