კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “ნიუ ჰოსპიტალსში” აცხადებენ, 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, კლინიკაში ამ დროისთვის სამი ადამიანია მოთავსებული. მათგან ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია. საშუალო სიმძიმისაა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.