ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს 10-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, – ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტის კომუნიკაციების ჯგუფი ავრცელებს.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერაა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარესა და კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოინახულებს.
პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში ანტანას ვილკუტაიტის-კეთურაკისის ძეგლის გახსნის ცერემონიალსა და წიგნის პრეზენტაციას დაესწრება.