საქართველოს ტურისტული პარტნიორებიდან ეპიდვითარება მხოლოდ რუსეთში უარესდება

აპრილში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140%-ით, მაისში კი 188%-ით გაიზარდა.  რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ივნისში უფრო მაღალი ზრდაა მოსალოდნელი. იმ პირველ 5 ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, პანდემია თითქმის მთლიანად მხოლოდ ისრაელმა დაამარცხა. ყველაზე მწვავედ პანდემიის პრობლემა რუსეთის ფედერაციაში დგას.

მაისში საქართველოს ყველაზე მეტი – 21 855 ვიზიტორი თურქეთიდან ეწვია, ამ ქვეყანაში აპრილში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 60 000-ს აღწევდა, დღეს 5 500-მდეა შემცირებული. 350-დან 60-მდე შემცირდა დღიურად გარდაცვლილთა რიცხვიც.  თურქეთში 40 მლნ-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ მოსახლეობის ნახევარს მიაღწია.

11 533 ვიზიტორით უკრაინამ მეორე ადგილი დაიკავა. უკრაინაში აპრილში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 15 000-ს აღემატებოდა, დღეს ის 700-მდეა შემცირებული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია და ამ დროისთვის მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია აცრილი.

24 889%-იანი ზრდის შემდეგ, ისრაელმა პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში 11 199 ვიზიტორით მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც 35%-ით ნაკლებია. 2019 წლის მაისში ისრაელიდან საქართველოს 17 084 პირი ეწვია, 2020 წლის მაისში კი მხოლოდ 45.  ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის 60%-ზე მეტი ორჯერადად აცრა, შედეგად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8000-დან 73-მდე შემცირდა, გარდაცვალების კი 60-დან 1-მდე.

რუსეთი 10 818 ვიზიტორით მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ივნისში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აპრილში ქვეყანაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 8000-მდე იყო შემცირებული, დღეს 20 000-ს აჭარბებს, 400-დან 570-მდეა გაზრდილი სიკვდილიანობაც. რუსეთმა გასულ წელს, საკუთარი ვაქცინის მიღების შესახებ ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, ამის მიუხედავად ერთჯერადად აცრილთა რიცხვი მხოლოდ მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. რუსეთი ერთადერთია საქართველოში შემომსვლელი ტოპ ვიზიტორი ქვეყნებიდან, სადაც ეპიდვითარება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ხუთეულს 9863 ვიზიტორით სომხეთი ასრულებს. საერთო ჯამში 1 მლნ-დან 1517 გარდაცვლილით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ სომხეთშია, თუმცა ბოლო დროს ვითარება შედარებით დასტაბილურდა. თუ გასული წლის ნოემბერში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 2000-ს აჭარბებდა, წელს მარტში 900-ს, დღეს 75-მდეა შემცირებული. სომხეთში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობა მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებია, რაც  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მეექვსე ადგილზე 9537 ვიზიტორით თავად საქართველოა – არარეზიდენტი პირები. მეშვიდე ადგილს კი ქვეყნის კიდევ ერთი მეზობელი 5704 ვიზიტორით აზერბაიჯანია, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2200-დან 50-მდე, სიკვდილიანობა კი 30-დან 1-მდეა შემცირებული. ყოველი 1 მლნ-დან 6 ახალი ინფიცირების შემთხვევით აზერბაიჯანი 134-ე ადგილზეა.

სტატიას commersant ავრცელებს.