„სიონი“ დარასელიამ ჩაიბარა – იმედია, მომავალ წელს ეროვნულ ლიგაში ვითამაშებთ

ბოლნისის „სიონის“ ახალ მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი დარასელია დაინიშნა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ბოლნისელებმა თბილისის „მერანთან“ 5:3 მოიგეს. გიორგი დარასელია დღეს გუნდს ტრიბუნიდან დირიჟორობდა, შემდეგ ტურში კი უშუალოდ მოედნიდან დამოძღვრავს.

მოგებული მატჩის შემდეგ დარასელიამ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზნისთვის ბრძოლა გრძელდება.

„მადლობა ბიჭებს, რომ იბრძოლეს. ეს იყო ჩემი პირველი თამაში. დიდი სიცხე იყო, პლუს ხელოვნურ საფარზე ვითამაშეთ, ამის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ერთად ვიზეიმეთ პირველი გამარჯვება. მე ვიცი, სად მოვედი, ბოლნისის „სიონი“ ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, ჩემპიონიც გამხდარა და ევროთასებზეც უასპარეზია. მიხარია, რომ გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა. მჯერა, ჩვენს ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, გულშემატკივრებს ამ იმედებს გავუმართლებთ და „სიონი“ მომავალ წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს“, – განაცხადა დარასელიამ.

ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ახალი ტრანსფერებიც დაანონსა:

„ორი თამაშის შემდეგ ჩემპიონატში პაუზა იქნება. ამ პერიოდში ფეხბურთელები კიდევ მოვლენ და გავძლიერდებით. სეზონის ბოლომდე 18 ტურია დარჩენილი და ახალწვეულები დარჩენილ ტურებში დაგვეხმარებიან. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების რაოდენობა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, საშუალება ყველას ექნება, საჩემპიონო ბრძოლაში ითამაშოს და გუნდს დაეხმაროს“.

შეგახსენებთ, რომ კონკურენტ „გაგრასთან“ წაგების და გუნდის მეორე ადგილზე დაქვეითების შემდეგ, ვარლამ კილასონია ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა.