ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საქართველოში ივნისის ბოლოდან სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოტანა დაიწყება.
თენგიზ ცერცვაძის ცნობით, მათ შორის იქნება NOVAVAX-ი და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაციის შემდგომ მიიღებს.
“ივნისის ბოლოდან პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან დაიწყება სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოსვლა. უკვე ლაპარაკია 500 000-ზე, მილიონებზე. შემოვა დიდი რაოდენობით “სინოფარმი”, დიდი რაოდენობით “სინოვაკი”, შედარებით მცირე რაოდენობით “ასტრაზენეკა” და დიდი რაოდენობით “ფაიზერი”, რომელზეც ხალხს ასე წყდება გული.
კიდევ ერთი ვაქცინა, ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი, “ნოვაქსი”, რომელიც ჯერ არ არის ბაზარზე. მას არ მიუღია ავტორიზაცია, ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და პირველი კონტრაქტორი ამ “ნოვაქსის” არის საქართველო ამ მილიონ დოზაზე, ასე რომ დაწყებული ივნისის ბოლოდან, საქართველოში დღეში აიცრება 8-9 ათასი ადამიანი,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.