ბობოყვათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 4 ადამიანი დააკავეს

სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.

დაკავებულების გადაყვანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მშვიდობიან აქციას მართავდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა აქციის დაშლა გადაწყვიტეს.

სოფელ ბობოყვათში მცხოვრებლებს რამდენიმე წუთით, პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი ჩაკეტილი ჰქონდათ, რომელიც სამართალდამცავებმა გახსნეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ.