“ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციაზე დაკავებული დათო ხუციშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

რუსთავში “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე დაკავებული დათო ხუციშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირზე შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ. ისინი რუსთაველი აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

” ჩვენი მოთხოვნაა დავით ხუციშვილის გათავისუფლება, ეს არის მშვიდობიანი  აქცია და მსვლელობა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მშვიდობიანები ვიყოთ და მჯერა,  სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას “- განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა ხოხონიშვილმა.

“დავით ხუციშვილს ვასწავლიდი, კარგად სწავლობდა, პატრიოტი არის და ამ პატრიოტიზმმა აიძულა და პატრიოტიზმით წავიდა და რასაც აკეთებს ვიცი, რა თქმა უნდა, არ არის ის ბავშვი, რომელიც ციხეში უნდა იყოს, ჩვენი სამართალდამცველების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და დავითი ძალიან მალე ჩვენთან იქნება.ის  სულით და გულით არის საქართველოს მოქალქე, წესიერი მშობლების შვილი”- განაცხადა დავით ხუციშვილის მასწავლებელმა, მზია ხიხალიშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათო ხუციშვილი 10 ივნისს დააკავეს.

უწყება მას საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმას და ფიზიკური შეურაცხყოფას ედავება.

აქტივისტს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.