ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დღეს არის დასრულებული, ის ეკუთვნის წარსულს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი ამბობს, რომ ის ნიკა მელიას ურჩევდა, რომ საჭირო იყო კანონმორჩილება, რათა პოლიტიკოსად შემდგარიყო, თუმცა არ შეისმინა.
„რადგან მასზე უფროსი ვარ და მგონია, რომ კარგია, ახალგაზრდა პოლიტიკოსები შემოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, არაერთხელ, მის დაკავებამდე და პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და გავაკეთე განცხადებები იმის გამო, რომ ის ამას შეისმენდა, ვინაიდან, როგორც ვიცი, და ეს კარგად მომეხსენება, ყველა საკანში არის წვდომა ტელევიზიაზე. მას ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, როცა მე ვიყავი მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მერეც ჰქონდა. ამიტომ ის უსმენდა, მაგრამ არ შეისმინა. მე ვამბობდი, რომ საჭიროა გირაოს გადახდა, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე. მან ეს ვერ მოისმინა, ეს არ შეისმინა. სამწუხაროდ, ალბათ, არ გაიგო სხვა რჩევებიც კეთილი ადამიანების, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. შესაბამისად, დღეს, სამწუხაროდ, ის არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ, თქვენ რომ მეკითხებით, რას ფიქრობთ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი, რადგან ჩვენ უკვე წარსულის ახალგაზრდა პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.