ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას.
ამასთან, თურნავა არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით 2 ნიშნიანი ზრდა მოხდეს.
“მე მინდა ავხსნა თუ რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას. აქ არის 2 ფაქტორი: ერთი – დადებითი მოლოდინები, მართლაც არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე იყო ნავარაუდები.
ეს არის ქართული ბიზნესისა და ინვესტორების მოლოდინი და მეორე – ახალი სავალუტო შემოდინება, რაც გაჩნდა უკვე საქართველოში. ესენია სავალუტო გადარიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება, ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა და მთლიანად ეკონომიკა მართლაც არის უპრეცედენტო ისტორიაში, თვიური ზრდა, ანუ აპრილის ზრდა არის 45%, შედარებით წინა წლის აპრილთან, რომელიც მართალია დაბალი იყო , 2019 წელის აპრილთან შედარებით 21%-იანი ზრდაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ 2019 წლის მონაცემებს გადავაჭარბებთ და შესაძლებელია, 2-ნიშნა ზრდა გვქონდეს წლის ბოლოს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.